New Idea-ს დამფუძნებელი შოთა გოდერიძე საიას სარჩელს გამოეხმაურა: არჩევნების გაბათილების საფუძველი მტკიცებულებებს საჭიროებს

გამოქვეყნდა: 01/11/2024 ავტორი New Idea

 

არჩევნების შედეგის საეჭვოობა არ ნიშნავს პირდაპირ დარღვევას. საარჩევნო შედეგის სუბიექტური მიუღებლობა ან პოლიტიკური პარტიების წარმატება/წარუმატებლობა არ არის სამართლებრივი საფუძველი ახალი არჩევნების დანიშვნისთვის. არჩევნების შედეგი მხოლოდ მტკიცებულებით დასაბუთებული დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს. თუ საიას ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო არ ყოფილა წინასწარ, არჩევნების დასრულების შემდეგ ასეთი პრეტენზია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ობიექტურობას.

საიას განცხადება, რომ ბიულეტინის მეორე მხრიდან ჩანდა ამომრჩევლის ნება, არ მესმის, რა ლოგიკით უნდა იყოს საკმარისი არჩევნების მთლიანად გაბათილებისთვის.

მართალია, შესაძლებელია, რომ მარკერი ბიულეტინის მეორე მხარეს ოდნავ ჩანდეს, მაგრამ ეს პრობლემა თავიდან აცილებადია იმ ჩარჩო კონვერტით, რომელიც ბიულეტინების ფარულობის დასაცავად იყო ყველა უბანზე. ამ კონვერტის მიზანი სწორედ ის არის, რომ ამომრჩევლის ნების გამოხატვა ფარულად დარჩეს, თუ ამომრჩევლებმა ვერ მოახერხეს ამის სწორად გაკეთება, ეს ცალკე საკითხია, მიუხედავად ბიულეტინის გამჭვირვალობის ან მარკერის ოდნავ გამოჩენისა.

ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა ჩაედო ბიულეტინი ამ კონვერტში და ამით უზრუნველეყო თავისი არჩევანის სრული კონფიდენციალურობა. შესაბამისად, ეს გამჭვირვალობა არ არის სისტემური დარღვევა და არ ქმნის საკმარის საფუძველს არჩევნების შედეგების გაბათილებისთვის. თუ შემთხვევითი ხარვეზები გამოვლინდა კონკრეტულ უბნებზე, უმჯობესია, ეს ინციდენტები კონკრეტულად იქნას შესწავლილი. ასეთი ტიპის ტექნიკური პრობლემა არ ნიშნავს, რომ არჩევნების ფარული კენჭისყრის პრინციპი სისტემატურად დაირღვა.

ამასთან, არჩევნების შედეგების ასეთ მიზეზით გაბათილება ქმნის პრეცედენტს, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ უკმაყოფილო მხარეს შეუძლია მოითხოვოს ხელახალი არჩევნები, რაც არღვევს საარჩევნო სისტემის სტაბილურობას და ხალხის ნდობას. მსგავსი შემთხვევები, საბოლოოდ, აზიანებს ქვეყნის დემოკრატიულ პროცესს.

საიას დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ ამ პრობლემის გამოვლენა წინასწარ იყო შესაძლებელი: თუ ბიულეტინის გამჭვირვალობა ცნობილი იყო არჩევნების დღეს, აუცილებელი იყო შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოებისთვის დროული ინფორმირება, რათა მომხდარიყო აუცილებელი რეაგირება ან დამკვირვებლების ჩართულობით აღმოფხვრილიყო ხარვეზი. პრობლემის გამოცხადება მხოლოდ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მიანიშნებს, რომ შესაძლოა ამომრჩეველთა ნება რეალურად არ ყოფილა მასშტაბურად შეზღუდული.

მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, წარმატებას ვუსურვებ საიას მათ საქმიანობაში. დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა საერთო მიზანია, და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ ერთად ვიმუშაოთ უკეთესი საარჩევნო სისტემის უზრუნველყოფისთვის.