ნიუ აიდეას დამფუძნებელი შოთა გოდერიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება

გამოქვეყნდა: 18/02/2025 ავტორი New Idea

“ნიუ აიდეას” დამფუძნებელმა შოთა გოდერიძემ ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პოლარიზაციის პროცესებზე და იმ საფრთხეებზე, რაც საჯარო პირებზე თავდასხმის დაუსჯელობამ შეიძლება გამოიწვიოს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში პოლიტიკოსებისა და მოსამართლეების მიმართ აგრესია საგანგაშო მასშტაბებს იღებს, რაც გამოხატულია როგორც სოციალურ ქსელებში ბულინგის, ისე ფიზიკური თავდასხმების სახით. გოდერიძემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომლებიც კვერცხის სროლას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ, მაშინ როდესაც მსგავსი ქმედებები ადამიანის ღირსებას პირდაპირ უქმნის საფრთხეს.

„სრულიად მიუღებელია ოპოზიციური პარტიის ლიდერების მხრიდან მსგავსი ქმედებების გამართლება. მით უმეტეს, როდესაც ამ განცხადებებს აკეთებენ პირები, რომლებიც წარსულში მაღალი თანამდებობებზე იმყოფებოდნენ და სწორედ მათი მმართველობის დროს ადამიანის უფლებები უხეშად ილახებოდა. რა გასაკვირია, რომ ნიკა გვარამიასთვის დღეს კვერცხის სროლა ეთიკურ და მშვიდობიან აქტად მიიჩნევა?“ აღნიშნა გოდერიძემ.

მისი თქმით, საზოგადოებაში დაპირისპირება და პოლარიზაცია სწორედ მაშინ ძლიერდება, როდესაც სამართალდამცავი ორგანოები კანონის დარღვევებზე სათანადო რეაგირებას ვერ ახდენენ. „როდესაც პირველივე შემთხვევაზე არავინ დაისაჯა, როცა მოსამართლეს კვერცხები ესროლეს, პოლარიზებული საზოგადოების მეორე ნაწილმა საპასუხოდ ზურაბიშვილზე განახორციელა იგივე ქმედება. სწორედ ასეთი დაუსჯელობა აღრმავებს საზოგადოებრივ კონფლიქტებს და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის.“

გოდერიძის შეფასებით, დემოკრატიას განსხვავებული აზრი ახასიათებს, მაგრამ თამაშის წესები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული და დაცული. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოს ღირსების დაცვა და კანონის უზენაესობა. „სასამართლოს, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების მიმართ ნებისმიერი თავდასხმა უნდა იყოს აღკვეთილი და სათანადოდ შეფასებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდება და კანონის უგულებელყოფა ნორმად იქცევა.“ განაცხადა მან.

“ნიუ აიდეას” წარმომადგენლები ხელისუფლებას, ოპოზიციურ ძალებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ შეუწყონ ხელი ძალადობის წახალისებას და უზრუნველყონ ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დაცვა.